უკრაინის საგარეო: "ჰქონდეს წვდომა შესაბამის მკურნალობაზე და დაკმაყოფილდეს მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა სასჯელის გადავადების შესახებ"
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ შეშფოთებულები არიან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუარესების გამო. უწყება საქართველოს ხელისუფლებას, მისი სასჯელის გადავადებისა და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდებს.
"უკრაინის მოქალაქის კრიტიკული მდგომარეობიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს მხარეს, რომ მას შესაბამის სამედიცინო მკურნალობაზე ჰქონდეს წვდომა, ასევე დაკმაყოფილდეს მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების შესახებ მოთხოვნა, რათა ის სამკურნალოდ ერთ-ერთ ევროპულ ან ამერიკულ კლინიკაში გადაიყვანონ" - წერია უწყების განცხადებაში. გარდა ამისა, უწყება საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიეცეს მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის უფლება უკრაინის ადამიანის უფლებათა კომისარს, დმიტრო ლუბინეცს.მათი განცხადებით, უკრაინა ახლოდან აკვირდება საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უკრაინელების, განსაკუთრებით კი მიხეილ სააკაშვილის უფლებებისა და ინტერესების დაცვას და აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ციხიდან უნდა გათავისუფლდეს.