ბანკზე თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია, საქართველოს მოქალაქეა - გომელაური
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, პირი, რომელიც დღეს, 9 სექტემბერს, ყვარელში საქართველოს ბანკის ფილიალში შეიჭრა, იდენტიფიცირებულია და ის საქართველოს მოქალაქეა. ჟურნალისტებთან გომელაურს დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია, არც ის დაუკონკრეტებია, იყო თუ არა თავდამსხმელი, ადგილობრივი მცხოვრები.
"დავაკავეთ, რა თქმა უნდა, იდენტიფიცირებულია....თანხებს ითხოვდა, სხვადასხვა თანხებს ითხოვდა, ხან ნახევარ მილიონს, ხან ერთ მილიონს...ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მადლობა ღმერთს, რომ არავინ დაშავებულა...საქართველოს მოქალაქეა",-თქვა გომელაურმა.ცნობისთვის, ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა. თავდასხმიდან 3 საათის შემდეგ მძევლებმა გათავისუფლება მოახერხეს, პოლიციამ კი ბანკზე თავდამსხმელი სპეცოპერაციის შემდეგ დააკავა.