04/07/23487 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ირაკლი კობახიძე - მოთხოვნა, რომ 12 პრიორიტეტი 100%-ით უნდა შესრულდეს, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, არავის დაუყენებია

მოთხოვნა, რომ 12 პრიორიტეტი 100%-ით უნდა შესრულდეს, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, არავის დაუყენებია - პოლიტიკური რისკები საკმაოდ მაღალია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ევრორეკომენდაციების შესრულების თაობაზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, გადაწყვეტილება, რომელიც ევროკომისიამ საქართველოსთან დაკავშირებით დეკემბერში უნდა მიიღოს, პოლიტიკურია. კითხვაზე, გლობალურად რა სიგნალი იქნება, თუ საქართველოს კანდიდატის სტატუსს არ მიანიჭებენ, კობახიძე ამბობს, რომ ეს „ცუდი სიგნალი იქნება“.
„შარშან ივნისშიც ეს ცუდი სიგნალი იყო. წელსაც, ასეთი გადაწყვეტილება თეორიულად რომ დავუშვათ, ცუდი სიგნალი იქნება. ამიტომ დიდი იმედი მაქვს, ამ შემთხვევაში პოზიტიური სიგნალი იქნება გაგზავნილი ყველა შესაბამისი სუბიექტისთვის - როგორც მოყვრისთვის, ისე არა მოყვრისთვის. რაც შეეხება იმას, პოლიტიკური იქნება თუ არა გადაწყვეტილება, რომელსაც დეკემბერში მიიღებენ, რა თქმა უნდა, თავისი შინაარსით პოლიტიკურია. ბუნებრივია, თავიდან ევროკომისიის დეტალური ანგარიში იქნება წარმოდგენილი. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ 12-ვე პუნქტის სრულ შესრულებას არც კი მოითხოვს კანდიდატის სტატუსის მინიჭება. უკრაინას და მოლდოვას უკვე მიენიჭათ შარშან, მათაც ასეთივე პუნქტები დაუდგინეს და თქვეს, რომ დაახლოებით 75% იყო პუნქტების შეუსრულებლობა, მაგრამ მათ უკვე მინიჭებული აქვთ. ასეთი მოთხოვნა, რომ 12 პრიორიტეტი 100%-ით უნდა შესრულდეს, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, არავის დაუყენებია, ამის მიუხედავად, მაქსიმალურად დეტალურად გავყევით 12-ვე პუნქტს. ჩვენი ამოცანა იყო, რომ მაქსიმალური საფუძველი შეგვექმნა კანდიდატის სტატუსის მონიჭებისთვის, მაგრამ გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური. რისკი შემდეგია - 27 ქვეყანაა და 27-ვემ სრული კონსენსუსით უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება. საკმარისია ერთი ქვეყანა დადგეს განზე, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭება. პოლიტიკური რისკები საკმაოდ მაღალია. იმედი დავიტოვოთ, რომ შარშანდელი ივნისისგან განსხვავებით, წელს სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გარდა ამისა, კობახიძემ უპასუხა კითხვას, როგორ აუხსნის ხელისუფლება საზოგადოებას იმას, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიღებს. მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ „ამის ახსნა რთული იქნება“.
„თეორიულად ამის შესაძლებლობას თუ დავუშვებთ, საზოგადოებისთვის ახსნა რთული იქნება. საზოგადოება იმედგაცრუებული იყო შარშან ივნისშიც და ბუნებრივია, დეკემბერშიც რომ იგივე მოხდეს, ეს საზოგადოების იმედგაცრუებას გამოიწვევს. დაგვჭირდება ყველა დეტალის განხილვა, რაც ამ შესაძლო გადაწყვეტილებასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. პოლიტიკური რისკები არსებობს. დღეს ამ რისკებზე საუბარს ვერიდებით. სამომავლოდ, ღმერთმა არ ქნას, თუ ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, დაგვჭირდება ყველა თემაზე საზოგადოებასთან ერთად მსჯელობა. იმედს გამოვთქვამ, კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება და საქართველოსთვის დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება იმას, არის თუ არა შეუთავსებელი შესრულებული რეკომენდაციების რაოდენობის თაობაზე „ქართული ოცნების“ პოზიცია ოლივერ ვარჰეის განცხადებასთან, რომ საქართველოს მხოლოდ 3 პუნქტი შეასრულა, კობახიძე განმარტავს, რომ აქამდე რის გაკეთებაც შესაძლებელი იყო, გაკეთდა.
„უპირველესად რაც შეეხება იმას, თუ რამდენადაა ერთმანეთთან თავსებადი ევროკომისრის და ჩვენი შეფასებები - არ მგონია, რომ შეუთავსებლობაა და ავხსნი რატომ: რა თქმა უნდა, ერთი მხრივ არის ციფრები, რომლის თანახმადაც, 3 სრულად შესრულდა და დანარჩენი არასრულად, მაგრამ რაში ვხედავთ თანხვედრას - დღემდე რაც შეგეძლო გაგვეკეთებინა, ყველაფერი გაკეთდა. რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო პრაქტიკული კუთხით, ეს იყო არსებითად კანონმდებლობის შემუშავება - ყველაფერი გაკეთდა. თუ დააკვირდებით რეკომენდაციებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, გვეუბნებიან, რომ კანონმდებლობა კარგია, მაგრამ პრაქტიკაში აღსრულებაა საჭირო. საბოლოოდ გამოდის რა - შეფასებაზე ვთანხმდებით. ანუ, კანონმდებლობა მოწონებულია და აქედან გამომდინარე ვაცხადებთ, რომ რაც დღემდე შეიძლება გაკეთებულიყო, ის გაკეთდა - კანონმდებლობა შემუშავდა. იგივე ეხება რეგლამენტის რეფორმას - რეგლამენტი დაიხვეწა, მაგრამ რატომ გვეუბნებიან, რომ არ არის სრულად შესრულებული - იმიტომ, რომ ეს ყველაფერი პრაქტიკაში უნდა დაინერგოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება უშუალოდ რეკომენდაციებს და 12 პუნქტიდან ერთ-ერთს, დეპოლარიზაციის მიღწევას, კობახიძემ აღნიშნა: „დეპოლარიზაცია იგივეა, რომ ორ საფეხბურთო გუნდს მოსთხოვო დეპოლარიზაცია, როცა ორივეს აქვს ერთი მიზანი - გაიტანოს მეორე გუნდის კარში - კონკურენციაში არ არის პრობლემა, მაგრამ თუ გადადიან ერთმანეთის ფეხების დამტვრევაზე, ეს არის პრობლემა“.
მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანია, რადგან ეს იქნება სამართლიანი მსაჯის გადაწყვეტილება, რომელიც, საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება პოლარიზაციის ხარისხის შემცირებაზე.
„ჩემი აზრით, თვითონ ტერმინიც კი, დეპოლარიზაცია, პრობლემურია. პოლარიზაცია არის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი, რა თქმა უნდა, ჭარბი არაფერი ვარგა, მაგრამ პოლარიზაცია ეს არის დემოკრატიის აუცილებელი პირობა. დეპოლარიზაცია როგორც ასეთი იგივეა, რომ ორ საფეხბურთო გუნდს მოსთხოვო დეპოლარიზაცია, როცა ორივეს აქვს ერთი მიზანი - გაიტანოს მეორე გუნდის კარში. აქ პრობლემა არა პოლარიზაცია, არამედ რადიკალიზმია. აქ არის ჩაკეტილი წრე. პირდაპირ არის კონკრეტული პოლიტიკური ძალა, რომელიც თვითონ არის საკუთარი წარსული დანაშაულების მძევალი, აქედან გამომდინარე, არ შეუძლია პოლიტიკურ სისტემაში არარადიკალურად იმოქმედოს. ამიტომ უწევს ათასი აბსურდის საუბარი. საკუთარი დანაშაულების მძევლები არიან და არ შეუძლიათ იმოქმედონ არარადიკალურად. ასეთ დროს მმართველ პარტიას უწევს პასუხი და არის ჩაკეტილი წრე. ერთადერთი, ვისაც შეუძლია ვითარების გამოსწორება, ეს არის სამართლიანი მსაჯი, არბიტრი. როდესაც ორ გუნდს შორის არის კონკურენცია ფეხბურთში, აქ არ არის პრობლემა, მაგრამ თუ გადადიან ერთმანეთის ფეხების დამტვრევაზე, ეს არის პრობლემა. თუ ამას გულისხმობენ დეპოლარიზაციაში, რა თქმა უნდა, ეს საჭიროა. არ შეიძლება ფეხებში ურტყა ერთმანეთს. მაგრამ ერთადერთი, ვისაც შეუძლია ამ ვითარების გამოსწორება, ეს არის სამართლიანი მსაჯი.
ხშირად ვესაუბრებით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ საჭიროა საქართველოში არსებული ვითარების სამართლიანი შეფასება. როდესაც მსაჯი არის უსამართლო, ახალისებს პოლარიზაციას. მაგალითად, იმ სამმა რეზოლუციამ, რომელიც ევროპარლამენტმა დაამტკიცა, ბუნებრივია, საქართველოში პოლარიზაცია წაახალისა. გადამწყვეტი როლი კი ამ ყველაფერში შეუძლია შეასრულოს დამოუკიდებელ არბიტრს, სამართლიან მსაჯობას. ამიტომაა კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი. ეს იქნება სამართლიანი მსაჯის გადაწყვეტილება, რომელიც, საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება პოლარიზაციის ხარისხის შემცირებაზე. ამიტომაც ვთხოვთ საერთაშორისო პარტნიორებს, მაქსიმალურად სამართლიანები და ყურადღებიანები იყვნენ შეფასებებში. თუ არ იქნება სამართლიანი შეფასებები, რა თქმა უნდა, წახალისებული იქნება პოლარიზაცია,“ - განაცხადა კობახიძემ.
გარდა ამისა, როგორც კობახიძემ აღნიშნა, დეკემბერში მიღებული იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, მაგრამ თუ საუბარია ფაქტებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებაზე, საქართველოს აუცილებლად ეკუთვნის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
„რეალურად ეს ყველაფერი, მათ შორის ბოლო სტატისტიკა აჩვენებს, რომ ხელისუფლებამ, პირველ რიგში, პარლამენტის ჩართულობით, შეასრულა თორმეტივე პრიორიტეტი, რომელიც იყო წარმოდგენილი ევროკომისიის მიერ. რა თქმა უნდა, არის რამდენიმე თვე. ამ რამდენიმე თვის განმავლობაში ეს პრაქტიკაც უნდა დაიხვეწოს. ამ სამ სფეროში, კანონმდებლობასთან დაკავშირებით მზად ვართ კონსულტაციებისთვის. ამაზეც, ბუნებრივია, არავითარი დაბრკოლება არ იქნება, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო საზოგადოებისთვის და მედიისთვის, რომ ამ ყველაფრიდან ჩანს შემდეგი, ხშირად ციფრებით ადვილად ხდება ხოლმე მანიპულირება. რეალურად შინაარს თუ ჩავუღრმავდებით, ძალიან კარგად ჩანს, რომ პრიორიტეტები პრინციპულად შევასრულეთ. შესაბამისად, ჩვენ შარშანაც მზად ვიყავით იმისთვის, რომ მოგვნიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, თუმცა ამ შემთხვევაში, საერთოდ არავითარი საბაბიც კი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, დეკემბერში მიღებული იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება და პოლიტიკური გადაწყვეტილების დროს წინასწარ არასდროს იცი როგორი იქნება მისი შინაარსი, მაგრამ თუ საუბარია ფაქტებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებაზე, ამ შემთხვევაში, საქართველოს, რა თქმა უნდა, აუცილებლად ეკუთვნის კანდიდატის სტატუსის მინიჭება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA