კიდევ ერთი ნიშანი, რამდენად მძიმე მდგომარეობაში ვართ - დეკანოიძე საბანაძის გადადგომაზე
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის, ნატალია საბანაძის გადადგომას, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე Facebook-ზე ეხმიანება. დეკანოიძის თქმით, საბანაძის გადადგომა მიანიშნებს, რომ ქვეყანა მძიმე მდგომარეობაშია.
"ევროკავშირში საქართველოს ელჩის გადადგომა ნამდვილად მიანიშნებს იმ მტკივნეულ საკითხზე, რაზეც ჩვენი დასავლელი მეგობრები საუბრობენ - საქართველოსთვის ევრო-ატლანტიკური სივრცე ვიწროვდება.
საბანაძეზე ყოველთვის კარგი წარმოდგენის ვიყავი და ნამდვილად მიმაჩნია გამორჩეულ კადრად დიპლომატიაში. კიდევ ერთი ნიშანი, რამდენად მძიმე მდგომარეობაში ვართ. ევროპის უარყოფა დიდ განსაცდელში ჩააგდებს ქვეყანას", - წერს დეკანოიძე სოციალურ ქსელში.