გიგი წერეთელი - ადამიანებმა, რომლებიც ჩართული არიან მოლაპარაკების პროცესში, მკაფიოდ და ზუსტად უნდა განმარტონ, თუ რა აძლევთ ოპტიმიზმის საფუძველს
იმ ადამიანებმა, რომლებიც არიან ჩართულნი ამ პროცესში, მკაფიოდ და ზუსტად უნდა განმარტონ, თუ რა აძლევთ ოპტიმიზმის საფუძველს, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა განაცხადა, რითაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს გამოეხმაურა.
წერეთლის თქმით, “ქართულ ოცნებას” წითელი ხაზი გავლებული აქვს ისეთ ფუნდამენტურ თემებზე, რაც არის ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა და აღნიშნა, რომ განცხადებები იმაზე, რომ მოლაპარაკებებში არის პროგრესი, სავარაუდოდ არ შეეხება ოპოზიციისთვის ფუნდამენტურ საკითხებს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ გაიგოს, თუ რა აძლევს მოლაპარაკებებში ჩართულ ადამიანებს ოპტიმიზმის საფუძველს.
“დღეს ველოდებით კიდევ ერთ, მორიგ რაუნდს, ყოველთვის არის იმედი, რომ შეჯერება მოხდება. ჩვენ გვესმის ხელისუფლების მხრდიან განცხადებები წითელ ხაზებთან დაკავშირებით და ეს წითელი ხაზები უკავშირდება ყველაზე მთავარ საკითხებს ამ მოლაპარაკების, ახალ არჩევნებს, საარჩევნო ადმინისტრაციის ფუნდამენტურ ცვლილებას, პატიმრების საკითხს და ა.შ. მეორე მხრივ, გუშინ გაკეთდა გარკვეული განცხადებები, რომ თითქოს პროგრესია გარკვეულ საკითხებში, თუმცა არ მგონია, რომ ეს არის ის ფუნდამენტური საკითხები, რომლებიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამრიგად, იმ ადამიანებმა, რომლებიც არიან ჩართულნი ამ პროცესში, ალბათ დღეს ძალიან მკაფიოდ და ზუსტად უნდა განმარტონ, თუ რაზეა საუბარი, რა აძლევთ ოპტიმიზმის საფუძველს, რა შეიძლება მოხდეს იმგვარი ამ შეთანხმებაში, რომ პარლამენტი, რომელზეც იყო საუბარი, რომ არ იქნება ლეგიტიმური, ახლა ამ პარლამენტმა დაიწყოს ფუნქციონირება მრავალპარტიულ ფორმატში. ამიტომ, ეს საკითხი ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს და საზოგადოებამ ეს უნდა იცოდეს”, - განაცხადა წერეთელმა.