Babajana LOGO

ირაკლი კობახიძე გოგოლაძის ინტერვიუზე - ეს იყო ორი ადამიანის ჭორაობა, რომელთაგან ერთ-ერთი იყო ცნობილი „კაგებეშნიკი“

26 ოქტომბერს 2020 05:54ნახვები 688წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

რუსულ რესურსს იყენებს ამ შემთხვევაში ის პარტია და მისი ტელევიზია, რომელიც პირდაპირაა მხილებული რუსული საქმის კეთებაში, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ‘თავარ არხთან“ „ქართუ ჯგუფის" ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ელდარ გოგოლაძის ინტერვიუს.
კობახიძის შეფასებით, აღნიშნული ინტერვიუ „ორი ადამიანის ჭორაობა იყო“.
„არ მგონია, რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეიძლებოდეს ამ ინტერვიუზე, ეს იყო ორი ადამიანის ერთგვარი ჭორაობა, რომლთაგან ერთ-ერთი იყო ცნობილი „კაგებეშნიკი“, თან „კაგებეს“ მაღალჩინოსანი“,- განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება, „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში კონსულტანტის, ლაშა ნაცვლიშვილის განცხადებას, რომ „გოგოლაძეს არ აცდება გუანტანამო, გვარამიას - გლდანის ციხე“, კობახიძე აღნიშნავს, რომ ეს მუქარა არაა, რადგან ციხესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს.
„ეს არ არის მუქარა. აქ საუბარია იმაზე, რომ გარკვეული ეჭვები არსებობს კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით დანაშაულის ჩადენის კუთხით, მათ შორის, რაც შეეხება გოგოლაძეს, ცნობილი საქმეა, რომ ამერიკელი ჩინოსანი იყო საქართველოში, რომლის მკვლელობა განხორციელდა და იქ მისი სახელი და გვარი იკვეთება. ვერაფერზე ვისაუბრებთ, ვიდრე არ დადგინდება ეს დანაშაული. რაც შეეხება ნიკა გვარამიას, მასზეც არსებობს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით ეჭვები. ესაა ზოგადი განცხადება, დანარჩენი არის სასამართლოს საქმე. ეს მისი პოზიციაა, ციხესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო“,- განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, "ქართუ ჯგუფის" ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ელდარ გოგოლაძის განცხადებით, სანამ ბიძინა ივანიშვილი მილიარდერი გახდებოდა, ერთ-ერთ საერთაშორისოდ გახმაურებულ საქმესთან იყო კავშირში. მისი თქმით, ივანიშვილი ანგოლაში სამოქალაქო ომის დროს იარაღის უკანონოდ ვაჭრობის საქმეში ფიგურირებდა.


share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania