რომან გოცირიძე - რუსული დეზინფორმაციის საშუალებები საქართველოს ხელისუფლებისთვის მისაღებია სწორედ მისი პირადი პოლიტიკური მიზნების გამო
რუსული დეზინფორმაციის საშუალებები და საქართველოში მათი ფილიალები საქართველოს ხელისუფლებისთვის მისაღებია სწორედ მისი პირადი პოლიტიკური მიზნების გამო, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „ფეისბუქის“ მიერ რუსული პროპაგანდისტული საინფორმაციო სააგენტო „ნიუს-ფრონტის“ სხვადასხვა ენაზე არსებული გვერდების გაუქმებას. გოცირიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთისგან დაფინანსებული სხვადასხვა სააგენტოს მიმართ კრიტიკა არასდროს გაჟღერებულა.
„რუსეთის გიგანტურ დეზინფორმაციის საშუალებებს, „ტროლების ქარხნებს“ და სააგენტოებს ამოძრავებს მთავარი მიზანი - ეს არის დასავლური ღირებულებების დისკრედიტაცია და საქართველოს ევროატლანტიკური მიმართულებით სვლის შეჩერება. ამას მხარს უბამს სწორედ რუსეთის მიერ მართული და დაფინანსებული საქართველოში მოქმედი სხვადასხვა სააგენტო, რომელთა დიდი ნაწილი ასევე ოფიციალურად ფუნქციონირებს. საქართველოს ხელისუფლებისგან მათი მისამართით არასდროს არ გაგვიგონია არავითარი კრიტიკა, პირიქით, ზოგიერთს ბიუჯეტიდანაც კი აფინანსებდა. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია არა ქვეყნის ინტერესები და ჩვენი მომავალი, არამედ - ძალაუფლების შენარჩუნება. ამიტომ რუსული დეზინფორმაციის საშუალებები და საქართველოში მათი ფილიალები საქართველოს ხელისუფლებისთვის მისაღებია სწორედ მისი პირადი პოლიტიკური მიზნების გამო,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
შეგახსენებთ, რომ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის 30 აპრილს „ფეისბუქმა“ საკუთარი პლატფორმიდან წაშალა კრემლის პროპაგანდისტული საინფორმაციო სააგენტო „ნიუს-ფრონტის“ „ფეისბუქ“ გვერდები ქართულ და სხვა ენებზე, რომლებსაც გამოცემა სხვადასხვა ქვეყანაში იყენებდა. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგების თანახმად, „ნიუს-ფრონტ ჯორჯიას“ „ფეისბუქ“ გვერდი და მისი ადმინისტრატორი, სხვა არაავთენტურ ანგარიშებთან ერთად, შერჩევითად, ვიწრო სამიზნე აუდიტორიაზე გათვლით, ავრცელებდა ინფორმაციას, რომელიც მიმართული იყო ქართულ „ფეისბუქ“ მომხმარებლებში ანტაგონიზმისა და აგრესიის გაღვივებისკენ, საზოგადოების დახლეჩვისა და პოლიტიკური პოლარიზაციისკენ.