12/06/20760 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე - ისინი ყოველთვის აკეთებდნენ რუსულ საქმეს და საუბრობდნენ ვითომ დასავლურად

ოპოზიციას არ აინტერესებს, რა ხდება თავდაცვის სფეროში. ისინი ყოველთვის აკეთებდნენ რუსულ საქმეს და საუბრობდნენ ვითომ დასავლურად, ცდილობდნენ ეს რუსული საქმე სხვისთვის დაებრალებინათ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც თავდაცვის მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. მდინარაძის თქმით, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ოპოზიცია დღევანდელ სხდომას არ დაესწრო, შესაძლოა ის იყოს, რომ „დღეს მათ მიერ გაკეთებული რუსული საქმეების სხვისთვის გადაბრალება გაუჭირდებოდათ“.
„ჩვენ დღეს ვნახეთ, რომ წინა 3 რიგი ცარიელი იყო. მათ არ აინტერესებთ, რა ხდება საქართველოს თავდაცვის სფეროში. ისინი არ ერთვებიან დისკუსიაში თქვენთან და ამისი მიზეზი შეიძლება იყოს რამდენიმე. პასუხი პირველი - ისინი ყოველთვის აკეთებდნენ რუსულ საქმეს და საუბრობდნენ ვითომ დასავლურად, ცდილობდნენ ეს რუსული საქმე სხვისთვის დაებრალებინათ. ბუნებრივია, დღეს ეს გაუჭირდებოდათ. პასუხი მეორე - მათ თქვენთან კითხვები რეალურად არ აქვთ; პასუხი მესამე - ყოფილი თავდაცვის მინისტრი და მათი დღევანდელი ერთ-ერთი ლიდერი ე. წ. პოლიტპატიმარი,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ და საკუთარ მობილურ ტელეფონში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის, ვიდეო ჩართო, სადაც ის ამბობს: „ თუ ჩვენ რუსები გვართმევენ ტერიტორიებს, ამერიკელები გვართმევენ თავისუფლებას“.
„ეს არის მათი პასუხი, მათ ეს ყოველთვის უნდა გაახსენდეთ, როდესაც ვინმეს დააბრალებენ პრორუსულობას,“ - დასძინა მდინარაძემ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
Georgian Bread