თალაკვაძე - რუსეთს მარტო ლუგარში არ უნდა შესვლა, არჩევნებზე ზეგავლენაც მოუნდება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, რუსეთის ბრალდებები ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით, რბილის ძალის გამოყენება და პროვოკაციები საოკუპაციო პოლიტიკის ნაწილია. თალაკვაძე აცხადებს, რომ რუსეთს მარტო ლუგარში კი არ უნდა შესვლა, არამედ "მას უნდა შესვლა ყველაფერში, რაზეც საქართველოს წარმატება დგას", მათ შორის, მოუნდება არჩევნებში ჩარევა.
"დღეს საქართველოს წარმატება ყველაზე მეტად დგას ჯანდაცვის სისტემაზე და ლუგარი არის საქართველოს ჯანდაცვის ნაწილი. რუსეთი რეალურად მარტო ლუგარის ლაბორატორიას კი არ ესხმის თავს და მარტო ლუგარში კი არ უნდა შესვლა, რუსეთს უნდა შესვლა საქართველოს ევროატლანტიკურ დღის წესრიგში; უნდა შესვლა და ჩარევა საქართველოს დემოკრატიაში; რუსეთს უნდა შესვლა საქართველოს ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარებაში - ოკუპირებული აქვს ორი რეგიონი და ამით ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას; რუსეთს უნდოდა და მომავალშიც მოუნდება ზეგავლენა მოახდინოს საქართველოს დემოკრატიულ არჩევნებზეც და ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ პრორუსულმა ძალებმა არ ისარგებლონ იმ დესტრუქციით, რასაც ე.წ. პროდასავლური ოპოზიცია აკეთებს დღეს“, – განაცხადა თალაკვაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ლუგარის ლაბორატორია იყო კოვიდ-19-ის წინააღმდეგ წარმატების შემქმნელი ერთ-ერთი მნიშნელოვანი რგოლი და ლუგარის ლაბორატორიაზე შეტევა რუსეთის მხრიდან, პირდაპირ უდრის რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას. მისივე თქმით, ის ფაქტი, თუ როგორ იყენებს რუსეთი რბილ ძალას საქართველოში, უნდა იყოს ძლიერი არგუმენტი გადაწყვეტილების მისაღებად დასავლური პოლიტიკური წრეებისთვის, საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.