ვლადიმერ პუტინი - კორონავირუსთან დაკავშირებით ვაცნობიერებთ, რა ხდება თუმცა, ღვთის შეწევნით ყველაფერი კარგად იქნება
კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია რუსეთში სრულად კონტროლდება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლების ყველა რგოლი ორგანიზებულად და პასუხისმგებლიანად მუშაობს.
„ხელისუფლების ყველა რგოლი ორგანიზებულად და პასუხისმგებლიანად მუშაობს, სიტუაცია სრულად კონტროლდება“ , - განაცხადა პუტინმა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის ხელისუფლება სხვა ქვეყნების გამოცდილებას ყურადღებით აანალიზებს და რისკებს აცნობიერებს.
„ყურადღებით ვაანალიზებთ კორონავირუსთან ბრძოლის მიმართებით სხვა ქვეყნების გამოცდილებებს, აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს უცხოელ მეგობრებთან და კოლეგებთან და ვაცნობიერებთ, რა ხდება, რისკებს ვხედავთ და ვიცით, რისი გაკეთება გვჭირდება მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარების შემთხვევაში“, - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, ადამიანებს ღვთის იმედი უნდა ჰქონდეთ, მაგრამ თავადაც უნდა იმოქმედონ.
„ჩვენი ხალხი ამბობს: ღმერთის იმედი გქონდეს, მაგრამ შენც ხელი გაანძრიეო! და ასეც ვიქცევით. თუმცა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე მსურს, ვთქვა - ღვთის შეწევნით ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა პუტინმა.