13/04/211 091 ნახვა წყარო: netgazeti.geფოტო: netgazeti.ge

თრომბის რისკის გამო აშშ-ში Johnson&Johnson-ით აცრის შეჩერების რეკომენდაცია გასცეს

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი (CDC) და საკვებისა და წამლის ადმინისტრაცია (FDA) რეკომენდაციას იძლევა, აშშ-ში Johnson & Johnson-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება შეჩერდეს “იშვიათი, მაგრამ მწვავე” სისხლის შედედების” გართულების გამო.
ორგანიზაციების განცხადებით, 6.8 მილიონ აცრილში ამგვარი გართულება 6 პაციენტს გამოუვლინდა და ყველა მათგანი 18-დან 48 წლამდე ასაკის ქალია. CNN-ის განცხადებით, სიმპტომები პაციენტებს ვაქცინაციიდან 6-დან 13 დღემდე შუალედში გამოუვლინდათ:
გამოცემა წერს, რომ CDC ოთხშაბათს მოიწვევს იმუნიზაციის კომისიას შემთხვევების შეფასებისა და მათი პოტენციური მნიშვნელობის დასადგენად:
“მანამდე პროცესი სრულად უნდა შეჩერდეს. რეკომენდაციას ვიძლევით, ვაქცინაცია დაპაუზდეს დამატებითი უსაფრთხოების მიზნით. მნიშვნელოვანია უზრუნველვყოთ, რომ სამედიცინო სფეროში დასაქმებულებს ჰქონდეთ ინფორმაცია აღნიშნულ გართულებაზე და სწორად ამოიცნონ და მართონ ეს იშვიათი გვერდითი მოვლენა, რომელიც განსაკუთრებულ მკურნალობას საჭიროებს” ,— წერია CDC-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ორგანიზაცია ასევე გასცემს რეკომენდაციას, რომ პირებმა, რომლებიც ამ ვაქცინით ჩაიტარეს იმუნიზაცია და ძლიერი თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, ფეხების ტკივილი და სუნთქვის უკმარისობა განუვითარდათ ვაქცინაციიდან სამი კვირის განმავლობაში, სამედიცინო დაწესებულებას მიმართონ.
ამასთან, CDC აცხადებს, რომ ამ ტიპის სისხლის შედედების სისტემის გართულებას განსაკუთრებული მართვა სჭირდება.
თავად კომპანიის თქმით, მათთვის ცნობილია აღნიშნული თრომბოემბოლიური გართულების შესახებ, თუმცა აცხადებენ, რომ ვაქცინაციასა და აღნიშნულ დაავადებას შორის კავშირი ამ დრომდე დადასტურებული არ არის.
J&J-ის ვაქცინამ FDA-სგან გადაუდებელი გამოყენებისთვის ავტორიზაცია თებერვალში მიიღო და რამდენადაც ის სხვა მწარმოებლების შექმნილი ვაქცინებისგან განსხვავებით ერთჯერადი დოზით იმუნიზაციას საჭიროებდა, უფრო მარტივად ადმინისტრირებად ვაქცინად ითვლებოდა.
AP-ის განცხადებით, ამ დრომდე აღნიშნულ გართულებაზე შიშები AstraZeneca-ს ვაქცინის მიმართ არსებობდა, რომელსაც დღემდე არ აქვს აშშ-ში გამოყენებისთვის ავტორიზაცია.
ერთი კვირის წინ კი ევროპის წამლების სააგენტომ AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბოემბოლიურ გართულებას შორის კავშირი დაადგინა, რომელსაც თან ახლავს სისხლში თრომბოციტების რაოდენობის კლება და უფრო ხშირად ახალგაზრდებში ვითარდება. თუმცა ევროპულმა მარეგულირებელმა ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინის სარგებელი ბევრი ადამიანისთვის მის მიერ გამოწვეულ შესაძლო გართულებების რისკებს გადაწონის.
AP წერს, რომ J&J იმავე ტექნოლოგიითაა დამზადებული, რითაც AstraZeneca-ს წარმოებული ვაქცინა. ორივე მათგანი ამზადებს ორგანიზმს, ამოიცნოს “ცილის წვეტები”, რომელიც კორონავირუსული ინფექციის გამომწვევ ვირუსს გარს აკრავს. აღნიშნული გენის ორგანიზმისთვის მისაწოდებლად ორივე მწარმოებელი საკუთარ ვაქცინაში გრიპის ვირუსს, ადენოვირუსს იყენებს იმ ერთი განსხვავებით, რომ J&J ადამიანის ადენოვირუსს იყენებს, AstraZeneca კი, შიმპანზეებში გავრცელებულ ვერსიას.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
  • 0

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 100

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 0

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY