კადიროვიც ესაუბრება და მერე თავზე ხელს უსვამს, ყოჩაღ, რომ მოიბოდიშეო - ბოკერია ჩუბინიძეზე
ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის გიგა ბოკერიას აზრით, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის რეაქციები სკანდალური აუდიოჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ მიანიშნებს, რომ მათ იგივე მიდგომა აქვთ კრიტიკული აზრის მიმართ, რაც ჩეჩნეთში - რამზან კადიროვს.
"ბატონმა ჩუბინიძემ პირდაპირ თქვა, რომ მე გავესაუბრეო და კადიროვიც ასე გაესაუბრება ხოლმე და მერე თავზე ხელს უსვამს, რომ აი, ყოჩაღ, რომ მოიბოდიშე... არ ვადარებ, მდგომარეობა იდენტური არ არის, რადგან იქ სისხლია ყოველდღე, მაგრამ მიდგომა იგივეა", - ამბობს გიგა ბოკერია.რაც შეეხება პროკურატურის განცხადებას იმის თაობაზე, რომ გამოძიება დაიწყო უკანონო მიყურადების მუხლით, გიგა ბოკერია ამბობს, რომ ასეთი განცხადება უკვე "პოლიტიკურად, გამამტყუნებელი განაჩენია" ხელისუფლებისთვის, ხოლო ეს ადამიანები, მისი თქმით, საშიში არიან ნებისმიერი მოქალაქისთვის.
"ეს განცხადება არის პოლიტიკურად გამამტყუნებელი განაჩენი, სამართლებრივად კი ძალიან სერიოზული მტკიცებულება დანაშაულებრივი ქმედებების და ნიშანი იმისა, როგორი საშიშები არიან ყველა მოქალაქისთვის: არამარტო კრიტიკული მედიისთვის ან ოპოზიციისთვის, არამედ ყველა მოქალაქისთვის", - თქვა გიგა ბოკერიამ.