Babajana LOGO

ქართული ოცნება "დამოუკიდებელ ანალიტიკოსებს" მხარდამჭერი განცხადებებისთვის ფულს უხდის — TV პირველი

31 მაისს 2020 04:40ნახვები 1 862წყარო: on.geფოტო: on.ge
TV პირველის ინფორმაციით, ექსპერტებსა და ანალიტიკოსებს, რომლებიც პოზიციონირებენ, როგორც დამოუკიდებლები, ქართული ოცნება ფულს უხდის.
ტელევიზიაში ამბობენ, რომ აქვთ ამის დამადასტურებელი დოკუმენტიც, კერძოდ, ლაშა ნაცვლიშვილი, რომელიც მოხსენიებულია, როგორც სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის დირექტორი, პარტიის აღმასრულებელ მდივან ირაკლი კობახიძეს მოხსენებითი ბარათით მიმართავს, სადაც რამდენიმე ექსპერტისთვის თანხის გადახდას ითხოვს. TV პირველის ინფორმაციით, დოკუმენტი 2019 წლის იანვრით თარიღდება და ექსპერტებს ანაზღაურება, სავარაუდოდ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პერიოდში გაკეთებული განცხადებებისთვის უნდა აეღო.
ტელევიზია ასაჯაროებს როგორც ნაბეჭდ, ასევე, ხელნაწერ დოკუმენტებს, სადაც ჩამოთვლილია სახელები და გვარები, გასწვრივ კი უმეტესად, მიწერილია 1500 ლარი. ამ ჩამონათვალში "გარე სპიკერებს" შორის არიან:
  • ვასო კაპანაძე;
  • ნიკა მეტრეველი;
  • მამუკა არეშიძე;
  • ვახტანგ ჭარაია;
  • ზაალ ანჯაფარიძე;
  • ამირან სალუქვაძე;
  • ლადო ბოჟაძე;
  • გიორგი ახვლედიანი.
TV პირველი ამბობს, რომ ეს ადამიანები სხვადასხვა გადაცემაში სტუმრად დადიოდნენ და ქართულ ოცნებას ლობირებდნენ. ჟურნალისტი ესაუბრა თითოეულ მათგანს და უმეტესობა ქართული ოცნების მხარდაჭერას ადასტურებს, თუმცა განცხადებებში თანხის აღებას ყველა უარყოფს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მამუკა არეშიძე არ გამორიცხავს, რომ ანალიტიკოსების ნაწილს შეიძლება ჰქონდეს ფინანსური წახალისება მმართველი პარტიიდან, თუმცა ამბობს, რომ თავად ფულს არ იღებს.
რაც შეეხება გიორგი ახვლედიანს, რომელიც ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის შემდეგ ნინო ბურჯანაძის პარტიაშია, ის ამბობს, რომ სახელის და გვარის დამთხვევაა და საუბარია საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ახვლედიანზე.
დოკუმენტში, რომელიც TV პირველმა გაასაჯაროვა, ასევე ჩანს, რომ უნდა ზაალ ანჯაფარიძეს უნდა შეესრულებინა კვლევა სახელწოდებით "მოქმედი არასამთავრობო სექტორის კავშირები ნაც.მოძრაობასთან", რისთვისაც დამატებით 2000 ლარია მითითებული.
ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ TV პირველს უთხრა, რომ ეს დოკუმენტი მათი ამობეჭდილი ჰგონია. ინფორმაციას ტყუილი უწოდა ირაკლი კობახიძემაც. ტელეკომპანია ავრცელებს ლაშა ნაცვლიშვილის პასუხსაც, რომლის მიხედვით:
"თქვენს კითხვაზე პასუხი ცალსახაა — რასაკვირველია, არა! მით უმეტეს, რომ მე არ ვიკავებ პარტია ქართულ ოცნებაში არანაირ ადმინისტრაციულ თანამდებობას და პარტიული სახსრების განკარგვასთან შეხება თეორიულადაც ვერ მექნება. თუმცა როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში პარტიის მრჩეველმა, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ პარტია ქართულ ოცნებას არანაირი ე.წ. გარე სპიკერები არ ჰყავს და შესაბამისად, არავის უხდის გასამრჯელოს საჯარო მხარდაჭერისთვის. სამაგიეროდ, ბოლო არჩევნების შედეგების თანახმად, პარტიას ჰყავს მილიონ ორასი ათასზე მეტი გულწრფელი მხარდამჭერი, რომელთა ნაწილი სხვადასხვა მედიაპლატფორმაზე პერიოდულად გამოხატავს საკუთარ პოზიციას".
TV პირველის ინფორმაციით, მათ წყარომ აცნობა, რომ "გარე სპიკერების" ნაწილი ქართულ ოცნებას კონსულტანტებად ჰყავს გაფორმებული და ჰონორარს ასე ურიცხავს, ნაწილს კი კონვერტით აძლევს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania