Babajana LOGO

ტიკარაძე მოსალოდნელ კარანტინზე - მესიჯის გაგზავნის შემდეგ შეძლებთ სახლის დატოვებას

16 აპრილს 2020 09:40ნახვები 1 114წყარო: netgazeti.geფოტო: netgazeti.ge
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, იმ შემთხევაში, თუ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა, მოქალაქეებს თავიანთი სახლების დატოვება მხოლოდ სპეციალური შეტყობინების გაგზავნის შემდეგ შეეძლებათ.
ტიკარაძე ინტერვიუში, რომელიც „პალიტრანიუსს“ მისცა, მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ სხვა შემთხვევაში ხელისუფლება იძულებული იქნება, საყოველთაო კარანტინი გამოაცხადოს.
„ეს გულისხმობს, რომ მოქალაქეებს მხოლოდ ჩვენი მეთვალყურეობით და გარკვეული მესიჯის გაგზავნის შემთხვევაში ექნებათ თავიანთი ბინის დატოვების შესაძლებლობა და ამ მესიჯშიც გაწერილი იქნება დეტალურად ის საჭიროება და ის ტრაექტორია, თუ რომელი ტრაექტორია  აქვთ მათ გასავლელი და რა მიზნით“, – ამბობს ტიკარაძე.
ტიკარაძე ამბობს, რომ ამ კომპონენტის დამატება იმ აპლიკაციაშიც განიხილება, რომელიც სამინისტრომ დღეს წარადგინა. საუბარია მობილურ აპლიკაციაზე, სახელად – Stop Covid, რომელიც მომხმარებლებს შეატყობინებს, ჰქონდათ თუ არა კონტაქტი ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ პირებთან.
„ჩვენ გვაქვს გათვლები, რომელსაც ჩვენ ვეძახით დინამიკურსა და ერთმომენტიანს. საშუალო სიმძიმისთვის ჩვენ ვვარაუდობთ, რომ 9 მაისისთვის იქნება დაახლოებით 2 ათასი ინფიცირებული პაციენტი და ცუდი გამოსავლების შემთხვევაში, ჩვენ გვეყოლება დაახლოებით 4 ათასი დადასტურებული შემთხვევა, რაც, რა თქმა უნდა, უფრო დრამატული სურათია“, – ამბობს ტიკარაძე.
მისივე თქმით, თუ მომავალ ორ კვირაში ხელისუფლება დაინახავს, რომ არის თუნდაც 2 ათასი დადასტურებული შემთხვევა – „ჩვენ იძულებულები ვიქნებით, გამოვაცხადოთ საყოველთაო კარანტინი და ვმართოთ ყოველივე უმკაცრესი ხერხით“.
საქართველოში, 16 აპრილის მონაცემებით, კორონავირუსი 336 შემთხვევაში დადასტურდა – ბოლო 24 საათში,მაჩვენებელი 30-ით გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელდა 75, ხოლო გარდაიცვალა 3.
ეს მონაცემი ნიშნავს, რომ ქვეყანაში აქტიური 259 პაციენტია, ანუ ის პირი, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა და ვინც ახლა რომელიმე კლინიკაში მკურნალობს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania