Babajana LOGO

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

20 ნოემბერს 2020 23:28ნახვები 182წყარო: imedinews.geფოტო: imedinews.ge
საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. 17 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურში 7 პარტიის წარმომადგენლები გავიდნენ. თუმცა ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს და მეორე ტურში არ მონაწილეობს.
21 ნოემბერს მეორე ტურზე, ამომრჩევლებს 1914 საარჩევნო უბანი და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 უბანი მოემსახურება; ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა კი 2 140 210-ია.
გარდა ამისა, არჩევნების მეორე ტურისთვის სპეციალურ სიაში 4 095 ამომრჩეველია, მათ შორის არიან როგორც სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი პირები, ასევე სპეციალური ჯგუფების წევრები, რომლებიც მოემსახურებიან იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც პროცესს დააკვირდებიან და იმავდროულად მიიღებენ კენჭისყრაში მონაწილეობას.
სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შექმნილი 80 სპეციალური საარჩევნო უბანი ამომრჩევლებს 145 გადასატანი საარჩევნო ყუთით მოემსახურება.
ხმის მიცემის პროცედურა შემდეგი წესისა და თანმიმდევრობის დაცვით ტარდება:
საარჩევნო უბანზე მისვლისას ამომრჩეველი გაივლის მარკირების შემოწმების პროცედურას, კენჭისყრის ოთახში შესვლამდე დაიმუშავებს ხელებს შესასვლელში განთავსებული ხელის სადეზინფექციო სითხით, ნაკადის მომწესრიგებელ კომისიის წევრს წარუდგენს პირადობის მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს და დროებით მოიხსნის პირბადეს იდენტიფიცირების მიზნებისთვის. მარკირების შემოწმების პროცედურის გავლის შემდეგ ამომრჩეველი რეგისტრატორს წარუდგენს პირადობის მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს და დროებით მოიხსნის პირბადეს.
ამომრჩეველთა სიაში თავისი გვარის გასწვრივ ამომრჩეველი გააკეთებს ხელმოწერას რეგისტრატორის მაგიდაზე განთავსებული ინდივიდუალური მოხმარებისთვის განკუთვნილი კალმისტრით. ამავე კალმისტრით ისარგებლებს ფარული კენჭისყრის კაბინაში საარჩევნო ბიულეტენის შევსებისას. ამომრჩეველი მიიღებს რეგისტრატორისგან ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებულ საარჩევნო ბიულეტენს.
ფარული კენჭისყრის კაბინაში საარჩევნო ბიულეტენში ამომრჩეველი შემოხაზავს მისთვის სასურველი ერთი საარჩევნო სუბიექტის რიგით ნომერს. კენჭისყრის კაბინიდან გამოსვლის შემდეგ აიღებს სპეციალურ კონვერტს და დაკეცილ საარჩევნო ბიულეტენს მოათავსებს მასში. ხმის მიცემის პროცესში გამოყენებული ინდივიდუალური მოხმარებისთვის განკუთვნილი კალმისტარი ამომრჩეველმა უნდა დატოვოს სპეციალურ კონტეინერში.
კენჭისყრის შენობის დატოვებისას ამომრჩეველმა უნდა ისარგებლოს გასასვლელში უზრუნველყოფილი ხელის სადეზინფექციო სითხით.
მაჟორიტარული არჩევნების პირველ ტურში 13 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, ცესკოს ინფორმაციით, ბიულეტენების 100% დათვლის შემდეგ შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,22%; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,18%; „ევროპული საქართველო“ - 3.79%; „ლელო“ – 3,16%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. დანარჩენმა პარტიებმა ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.
საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლებები და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania