Babajana LOGO

კანდელაკი - ყალიბდება კონსენსუსი, რომ ივანიშვილის რეჟიმი არ შედის არც საქართველოს და არც მოკავშირეების ინტერესებში

12 თებერვალს 2020 12:58ნახვები 835წყარო: rustavi2.geფოტო: rustavi2.ge
ვაშინგტონიდან გამოგზავნილ მორიგ კრიტიკულ წერილს, რომლის ავტორიც რესპუბლიკელი კონგრესმენი რენდი ვებერია, ოპოზიცია ეხმაურება. კონგრესმენი წერილში ამბობს, რომ საქართველოში არსებული ნეგატიური ტენდენციების გამო, შტატებში სანქციების შესახებ მოწოდებები გახშირდა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ხატია დეკანოიძის შეფასებით, საერთაშორისო პარტნიორები იაზრებენ იმ მძიმე მოცემულობას, რომელიც საქართველოშია, მათ შორის პოლიტიკური მართლმსაჯულების კუთხით და ამიტომ საერთაშორისო ზეწოლა აუცილებლად გაგრძელდება.
"საერთაშორისო თანამეგობრობის შეშფოთება რეალურად ეს არის პარალელური პროცესი იმ მძიმე მოცემულობის, რომელიც დღეს არის ჩვენს ქვეყანაში. ესაა უმძიმესი ზეწოლა ოპოზიციაზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე, პოლიტიკური მართლმსაჯულების კუთხით, მათ შორის ყველაზე ბოლო ეს არის გიგი უგულავას დაკავება, ეს არის დემოკრატიის უკუსვლა, რომელზეც საუბრობენ კონგრესმენები და ყველაზე მნიშვნელოვანი, ესაა საქართველოს მოქალაქეების ნების უგულვებელყოფა, ამიტომ რასაკვირველია ზეწოლა გაგრძელდება," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. "ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი ხაზს უსვამს იმას, რომ მსგავსი კრიტიკა და ინტენსიური წნეხი მთავარი სტრატეგიული მოკავშირის მხრიდან საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. კანდელაკის თქმით, მოკავშირეებს შორის ყალიბდება კონსენსუსი, რომ ივანიშვილის რეჟიმი არ შედის არც საქართველოს და არც ჩვენი მოკავშირეების ინტერესებში.
"ასეთი ინტენსივობის წნეხი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, ჩვენი ყველაზე მთავარი სტრატეგიული მოკავშირის მხრიდან, რომელიც მიმდინარე წლების მხარდაჭერას რომ თავი დავანებოთ, საერთოდ საქართველო რომ დამოუკიდებელი გახდა, ესეც გარკვეულწილად აშშ-ის დამსახურებაა. კონსენსუსი ყალიბდება არა მხოლოდ საპარლამენტო დონეზე ჩვენს მოკავშირეებს შორის, არამედ აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზეც, რომ ივანიშვილის რეჟიმი არ შედის არც საქართველოს ინტერესებში და არც ჩვენი მოკავშირეების ინტერესებში," - აღნიშნა გიორგი კანდელაკმა.
 

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania