გიგა ბოკერია - კახა კუჭავას წერილი მტკიცებულებაა როგორი პოლიტიკური პატიმარია გიორგი რურუა
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, წერილი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავამ ევროპარლამენტის წევრებს, გიორგი რურუასთან დაკავშირებით გაუგზავნა, ნიშნავს იმას, რომ „პოლიტპატიმარ რურუას ციხეში ყოფნა ივანიშვილის გუნდის პირდაპირი დაკვეთაა“.
ბოკერიას თქმით, ეს წერილი მომავალში იმის მტკიცებულება იქნება, თუ როგორი კოორდინირებული პოლიტიკური დევნა მიმდინარეობდა რურუას მიმართ.
„ჩვენ ყველამ ვიხილეთ ადოკატების ბრიფინგი და ის სამარცხვინო წერილი, რომელიც მთავრობის პროპაგანდის ნაწილია, რომელსაც ხელს აწერს მმართველი გუნდის წარმომადგენელი ბატონი კუჭავა. ეს წერილი არის დასტური იმისი, რომ პოლიტიკური მოტივია და პირდაპირი დაკვეთაა ივანიშვილის გუნდისგან, რომ პოლიტპატიმარი რურუა იყოს ციხეში. ამ პოლიტიკურად ბრიყვებს გონიათ, რომ ასეთ დისკრედიტაციის კამპანიას თუ დაიწყებენ, ამით მიაღწევენ მიზანს. ამ დროს ასეთი დოკუმენტი ვისაც უვარდება ხელში ყველა ხვდება, რომ მთავრობას პოლიტიკური მოტივი აქვს. ეს წერილი მომავალში იქნება მტკიცებულება იმისი, როგორი კოორდინირებული პოლიტიკური დევნა იყო და როგორი პოლიტიკური პატიმარია გიორგი რურუა“, - განაცხადა გიგა ოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ „მთავარი არხის" მეწილის გიორგი რურუას ადვოკატებმა სასამართლო სხდომის დაწყებამდე წარმოადგინეს წერილი, რომელიც მათივე მტკიცებით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავამ ევროპარლამენტის წევრებს გიორგი რურუასთან დაკავშირებით გაუგზავნა. როგორც ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული წერილი კუჭავამ ევროპარლამენტარებს რამდენიმე დღის წინ გაუგზავნა. მისი თქმით, ამგვარად გამოიკვეთა ის, რომ „გიორგი რურუასთან პრობლემა პროკურატურას კი არ აქვს, არამედ „ქართულ ოცნებას" აქვს და ამიტომ იმყოფება რურუა საპატიმროში".