Babajana LOGO

ნათია თურნავა კორონავირუსზე - ხშირად დავიბანოთ ხელი და არაფერი მოხდება, ამას მარტივად გადავიტანთ

26 თებერვალს 2020 14:41ნახვები 667წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ხშირად დავიბანოთ ხელი და არაფერი მოხდება, ამას მარტივად გადავიტანთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020“ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ზარალზე საუბრისას განაცხადა. თურნავამ იმედი გამოთქვა, რომ დათბობასთან და გაზაფხულთან ერთად ეს გამოწვევაც გადაივლის.
„ეს არის გლობალური გამოწვევა, რომელსაც ექნება თავისი ზემოქმედება გლობალურ ეკონომიკაზე, ვაჭრობაზე, ავიაციაზე. მაგრამ მინდა დავიწყო პოზიტივით. საქართველოში არ გვაქვს პანიკის საფუძველი, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ მომზადებულია, ყველა საჭირო ზომა დროულად მივიღეთ, მათ შორის არაპოპულარული ზომებიც საკმაოდ სწრაფად. ჩვენთვის უპირატესია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უყოყმანოდ შევწვიტეთ ფრენები ჩინეთთანაც და ირანთანაც. თუ კიდევ რაიმე იქნება საჭირო, ყველა აუცილებელ ზომას მივიღებთ.
რაც შეეხება ზიანს, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენ ხანს გაგრძელდება ფაქტორის ზემოქმედება. პირდაპირი ზემოქმედება ტურიზმზე, რაც გამოწვეული იქნება ირანთან და ჩინეთთან პირდაპირი ფრენების შეჩერებით, დავითვალეთ და თვეში დაახლოებით, 30 მილიონი ლარია. ეს ეხება მხოლოდ ამ ორ მიმართულებას. ზოგადადაც, სხვა ქვეყნებიდანაც შეიკავებენ ადამიანები თავს მოგზაურობისგან და ამას ექნება თავისი ნეგატიური ზეგავლენა. ნება მიბოძეთ გამოვთქვა იმედი, რომ ეს ფაქტორი დიდხანს არ გაგრძელდება. ამ ვირუსს აქვს თავისი თვისებები და დათბობასთან ერთად, გაზაფხულთან ერთად ეს გამოწვევაც გადაივლის. 2-3 თვის ზარალს, იმედი მაქვს შემდეგ თვეებში შევავსებთ იმიტომ, რომ ძალიან დივერსიფიცირებულია ჩვენი ტურიზმის გეოგრაფია“, - განაცხადა თურნავამ და ხუმრობით დასძინა: „ხშირად დავიბანოთ ხელი და არაფერი მოხდება, ამას მარტივად გადავიტანთ“.


share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania