Babajana LOGO

ერდოღანი: იდლიბზე რუსეთთან ვერ შევთანხმდით, სამხედრო ოპერაცია მხოლოდ დროის საკითხია

19 თებერვალს 2020 15:53ნახვები 1 481წყარო: tabula.geფოტო: tabula.ge
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ სირიის იდლიბის პროვინციის საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკებების მიმდინარეობა თურქეთის მოლოდინებს და მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა და იქ სამხედრო ოპერაციის დაწყება მხოლოდ დროის საკითხი იყო. მმართველი პარტიის კანონმდებლებთან საუბრისას მან თქვა, რომ თურქეთი აპირებს ნებისმიერ ფასად აქციოს იდლიბი უსაფრთხო ზონად."ეს უკანასკნელი დღეებია, რათა სირიის რეჟიმმა იდლიბზე თავდასხმა შეაჩეროს. ჩვენ ბოლო გაფრთხილებებს ვაძლევთ. რუსეთთან მოლაპარაკებებში სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ. მოლაპარაკებები გაგრძელდება, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ძალიან შორს ვართ ჩვენს მიერ წამოყენებული მოთხოვნებისაგან. თურქეთმა ყველა მოსამზადებელი სამუშაო ჩაატარა საკუთარი გეგმების განსახორციელებლად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იდლიბში სამხედრო ოპერაცია მხოლოდ დროის საკითხია." თქვა მან.
ერდოღანის თქმით ასადის რეჟიმის ძალებს ვადას თებერვლის ბოლომდე აძლევს, რათა იდლიბიდან გავიდნენ: "ჩვენ იდლიბს სირიის რეჟიმს და მის წამქეზებლებს არ დავუთმობთ." თქვა მან.
სირიაში, იდლიბის პროვინციაში თურქეთის არმიასა და სირიის სამთავრობო ძალებს შორის შეტაკებები უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო დღეებში თურქეთის არმიამ 51 სირიელი ჯარისკაცი მოკლა.
ამავდროულად, განადგურებულია ასადის არმიის ორი ტანკი, იარაღის საწყობი და საზენიტო დანადგარი, კიდევ ერთი ტანკი თურქული არმიის ტყვეობაშია. წინა დღეებში თურქეთის თავდაცვის სამინისტროში ორი განადგურებული სირიული ვერტმფრენის შესახებ განაცხადეს. 
ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც იდლიბის პროვინციაში ქალაქ სარაქებთან ასადის რეჟიმის მიერ განხორციელებულ დაბომბვას 8 თურქი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა. 10 თებერვალს, ტაფტანაზში თურქეთის ბაზაზე თავდასხმის შედეგად კიდევ 5 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა.
შემთხვევის შემდეგ, ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქი ჯარისკების მკვლელობა სირიის რეჟიმს ძალიან ძვირი დაუჯდება. ერდოღანმა თქვა, რომ თუ სირიაში კიდევ ერთი თურქი სამხედრო დაშავდებოდა ასადის რეჟიმის ძალებზე როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო შეტევას განახორციელებდნენ
იდლიბში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ერდოღანსა და პუტინს შორის 2018 წლის შემოდგომაზე სოჭში და ასტანაში გამართული შეხვედრების შემდეგ შედგა. შეთანხმების მიხედვით, სირიის მთავრობის კონტროლს მიღმა მყოფ ტერიტორიაზე დემილიტარიზებული ზონა უნდა შექმნილიყო, სადაც ცეცხლის შეწყვეტაზე პასუხისმგებლობა ორივე მხარემ აიღო. 
შეთანხმების მიუხედავად, იდლიბის პროვინციაში სამხედრო მოქმედებები არ შეწყვეტილა.
იდლიბის პროვინციაში ამბოხებულების მიერ კონტროლირებად უკანასკნელ ტერიტორიაზე ბაშა ალ-ასადის და მისი მოკავშირეების თავდასხმას მიგრანტების ახალი ტალღის დაძვრა მოჰყვა. გაეროს ჰუმანიტარული კოორდინაციის ოფისის მონაცემებით 1 დეკემბრის შემდეგ სახლების მიტოვება 520,000-მდე ადამიანს მოუხდა, მათი 80% ქალები და ბავშვები არიან.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარმა მიშელ ბაჩელეტმა 18 თებერვალს თქვა, რომ მიმდინარე წელს ჩრდილოეთ-დასავლეთ სირიაში დაახლოებით 300 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, 93% შემთხვევაში სირიის მთავრობისა და მისი მოკავშირის, რუსეთის თავდასხმების გამო.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა არაერთხელ თქვა, რომ ქვეყანა მიგრანტების ახალ ტალღას მარტო ვერ გაუმკლავდება და ევროპის ქვეყნები გააფრთხილა, რომ შედეგებს ყველა იგრძნობს.
მიმდინარე კვირას ასადის რეჟიმის ძალებმა ალეპოს პროვინციის ნაწილი აიღეს და ამბოხებულები გააძევეს. ალეპოს პროვინციაზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავებმა. მათ დაბომბეს რამდენიმე ქალაქი, მათ შორის ადანანი, რომელიც მოგვიანებით ირანის მიერ მხარდაჭერილ შეიარაღებულ დაჯგუფებებთან ერთად ასადის ძალებმა აიღეს. სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ჯგუფის ინფორმაციით ასადის ძალებმა ალეპოს პროვინციაში სულ 13 ქალაქი და სოფელი დაიკავეს.
ალეპოს პროვინციაზე შეტევა მას შემდეგ დაიწყო, რაც გასულ კვირას ასადის რეჟიმის ძალებმა ამბოხებულები გააძევეს და კონტროლი დაამყარეს დედაქალაქ დამასკოსა და ალეპოს დამაკავშირებელ M5 მაგისტრალზე.
პარალელურად თურქეთის მიერ მხარდაჭერილმა ამბოხებულებმა იდლიბის პროვინციაში ასადის რეჟიმის მიერ აღებული ტერიტორიის დაბრუნება სცადეს. თურქული სახელმწიფო მედიის მიხედვით სირიაში თურქულ სადამკვირვებლო პოსტებზე დამხმარე ძალა, სამხედროები, ტანკები და სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა გაგზავნეს.
თურქეთსა და რუსეთს შორის რეგიონში მიმდინარე სიტუაციაზე მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა მიმდინარე დაპირისპირება ალეპოსა და იდლიბის პროვინციებში შეთანხმების მიღწევას ართულებს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania