უცხოური მედია - საქართველოში 50 ათასზე მეტი ადამიანი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
"საქართველოში ათიათასობით ადამიანი სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს" - ამ სახელწოდებით საერთაშორისო მედიასაშუალება Aljazeera 14 ოქტომბერს დედაქალაქში გამართულ აქციასთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს.
Aljazeera AFP-ის ჟურნალისტზე დაყრდნობით წერს, რომ თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე 50 000-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ აქციაზე შეკრებილი ადამიანები ექსპრეზიდენტის საპატიმროდან გათავისუფლებას მოითხოვდნენ.
#თავისუფლებამიშას - აქცია ამ სახელწოდებით თავისუფლების მოედანზე უკვე დასრულებულია. 18:00 საათზე, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, შეიკრიბნენ.
ამავე თემაზე სტატია საერთაშორისო მედია France24-მაც დაწერა. ეს გამოცემაც წერს, რომ აქციაზე 50 ათასზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.