01/09/211 508 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ენმ შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს აწერს - ნიკა მელიას საგანგებო განცხადება

გადამწყვეტ რეფერენდუმამდე ზუსტად ერთი თვით ადრე, წინასაარჩევნო კამპანია სრული სიმძლავრით იწყება. დღეს, მთავარი ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობა" უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ განაცხადს აკეთებს. 
ნიკა მელია და მისი გუნდი კიდევ ერთხელ ადასტურებენ პარტიის სრულ ერთგულებას ქვეყნის დასავლური კურსისა და ღირებულებებისადმი.
ნიკა მელიას განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს აწერს. 
ნიკა მელიას საგანგებო განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
საქართველოს ევროპული არჩევანი არამხოლოდ ჩვენი თაობის, არამედ საქართველოს ისტორიულად განსაზღვრული არჩევანია! მეტიც, ეს არ არის მხოლოდ პრაგმატული არჩევანი, ეს ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილია!
ჩვენ არ მივილტვით ევროპისაკენ მხოლოდ იმიტომ, რომ იქ სიმდიდრეა, განვითარებული ეკონომიკაა, ყველაზე სრულყოფილი განათლება და ჯანდაცვის სისტემაა, არც მხოლოდ იმიტომ მივილტვით, რომ ახალგაზრდებს დასავლეთში ყველაზე მეტი პერსპექტივა აქვთ თავის ნიჭისა და უნარების გამოსავლენად და არც მხოლოდ იმიტომ, რომ ხნიერი ადამიანები ყველაზე უკეთ არიან იქ დაცულები!
საქმე იმაშია, რომ ჩვენ თავად ვიყავით და ვართ დასავლური ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი და სვლა ევროპისაკენ ჩვენთვის სახლში დაბრუნებაა! ჩვენი კულტურა, ჩვენი ხელოვნება, ჩვენი მწერლობა - ევროპული მრავალფეროვნების ერთერთი განუყოფელი და უნიკალური ფერია!
ჩვენი სახელმწიფოს ძლიერება, ჩვენი ოქროს ხანაც დასავლეთთან არის ხომ დაკავშირებული და გაჭირვების დროსაც იმედის თვალი დასავლეთისკენ ქონდათ მიპყრობილი სულხან საბას, ილიას, იაკობ გოგებაშვილს.
ჩვენ ვართ ერი, რომელმაც მთელი თავისი ისტორიის მანძილზე არაერთხელ და ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ, რომ დასავლური ერი ვართ და არასოდეს ავირჩევთ სხვა გზას! ჩვენ ეს დავადასტურეთ არა მხოლოდ ღრმა წარსულში, არამედ უახლეს ისტორიაში! 
მაშინ, როდესაც 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ! მაშინ, როდესაც 1918 წელს ევროპაში ერთ-ერთმა პირველებმა მივანიჭეთ ქალებს საარჩევნო უფლება, ჩავატარეთ თავისუფალი მრავალპარტიული არჩევნები! მაშინ, როდესაც 1921 წელს მივიღეთ ევროპის ყველაზე პროგრესული კონსტიტუცია! მაშინ, როდესაც 1924 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით ავუჯანყდით ბოლშევიკებს!
მაშინ, როდესაც 1989 წლის 9 აპრილს, ჩვენი სიცოცხლის ფასად პირველი დამანგრეველი დარტყმა მივაყენეთ ბოროტების იმპერიას და უზარმაზარი ნაბიჯი გადავდგით დამოუკიდებლობის კვლავ მოსაპოვებლად! მაშინ, როდესაც 91 წლის 9 აპრილს აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა და ზვიად გამსახურდიამ წარმოთქვა ისტორიული სიტყვები. მაშინ, როდესაც 99 წელს გავხდით ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანა და უკვე ზურაბ ჟვანიამ თქვა ისტორიული სიტყვები.
მაშინ, როდესაც 2003 წელს მშვიდობიანი ვარდების რევოლუციის გზით დავამარცხეთ რუსული გავლენის კორუმპირებული ხელისუფლება და შეუმდგარი სახელმწიფოდან გავხდით წარმატებული ქვეყანა, ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი!  ასე რომ, დასავლური გზიდან გადახვევა არა გეოპოლიტიკური არჩევანია საქართველოში, არამედ საკუთარ თავზე, საკუთარ იდენტობაზე უარის თქმაა!
მეგობრებო, მინდა ერთი რამ ძალიან კარგად გავიაზროთ. დასავლურ და ევროპულ განვითარებაზე კონსენსუსი და თანხმობა ჩვენ საზოგადოებაში იმდენად მაღალია, რომ ვერცერთი პოლიტიკური ძალა ვერ გეტყვით ღიად და გახსნილად - ჩვენ აღარ გვინდა ევროპა და დასავლეთი!
ვერ გეტყვით, მაგრამ თავის ქმედებითა და ღირებულებებით შეგიძლიათ უტყუარად ამოიცნოთ, ვინ გადაუხვია საქართველოს საიმედო ევროპული ვექტორიდან. ვინ გვაგუებს ნელ ნელა აზრს, რომ შეგვიძლია უარი ვთქვათ ევროპაზე!
ყველა ავტორიტარულ და ოლიგარქიულ რეჟიმს, თუნდაც საწყის ეტაპზე სიტყვითა და დეკლარაციებით პროდასავლურს - უდგება ეს მომენტი, რომ ღიად უნდა თქვას უარი ამა თუ იმ ფორმით ევროპულ გზაზე. 
ეს მომენტი აუცილებლად დგება, რადგან თუ გინდა ქვეყანას ერთი კაცი და მისი მორჩილი მთავრობა მართავდეს, თუ გინდა ოპოზიციისგან და სამოქალაქო სექტორისგან მუდმივად მტერს სახავდე, თუ გინდა სამოქალაქო აქტივისტებს უსწორდებოდე, თუ გინდა სასამართლო კლანით აკონტროლო, - აუცილებლად და გარდაუვლად დადგება მომენტი, როცა მოგიწევს უარი თქვა დასავლეთთან ერთად სიარულზე. რადგან ევროპის ღირსეულ წევრად ყოფნა და რუსეთის მსგავს ჩამორჩენილ, ავტორიტარულ და ბნელ პროვინციად ყოფნა ერთად არ გამოდის! 
ჩვენ გვახსოვს ეს გადამწყვეტი მომენტი როგორ დადგა უკრაინაში, როცა იანუკოვიჩის კლეპტოკრატიულმა რეჟიმმა ვეღარ შეათავსა თავისი რეალური ზრახვები და ევროპული რიტორიკა  - და შედეგად დამარცხდა!
ჩვენ გვახსოვს იგივე პროცესები მოლდოვაში და დასავლური ძალების გამარჯვება არჩევნებში! ეს მომენტი დგება აქაც. საქართველოში - ივანიშვილს აღარ გამოსდის ორმაგი თამაში და თვალთმაქცობა!
აღარ გამოსდის, რომ თან ასოცირების ხელშეკრულებაზე, ევროკავშირის მედიაციით მიღებულ შეთახმებებზე, რეფორმებზე ისაუბროს და თან ხელისუფლება შეინარჩუნოს - გაყალბებით, ძალადობით, გაუქმებული ინსტიტუტებით, მტრად დასახული სახალხო დამცველითა და მესამე სექტორით, ფიზიკურად ნაცემი მედიით და გათელილი სასამართლოთი 
ამიტომაც ჩვენ ვხედავთ:
  • საჯაროდ როგორ ამცირებენ საქართველოს დასავლელ მეგობრებს და  ხან გიჟმანტასებს უწოდებენ და ხან აი სულ ბოლოს ესტონეთს ურჩიეს მიხედონ საკუთარ თავს და ჩვენ შეგვეშვან;
  • როგორ არაფრად მიაჩნიათ ჩვენი მეგობრების წუხილი და სენატის, კონგრესის, ევროკავშირის შეფასებებს საჯაროდ დასცინიან;
  • თავზე როგორ გადაახიეს ევროპას 19 აპრილის შეთახმება;
  • და ბოლოს, მუქარა და შანტაჟი - რომ საერთოდ არ გვადარდებს ევროკავშირის დახმარება და ჩვენი კოოპერაციის პროგრამა!
ამ დროს, მეორე მხარეს ჩვენ ვხედავთ რას?! -  მარბიელთა ჯგუფებს თბილისის შუაგულში და ვხედავთ დამწვარ ევროკავშირის დროშას! ამ ყველაფერს ბოლო უნდა მოეღოს 2 ოქტომბერს! ეს ღირებულებითი, ცივილიზაციური ბრძოლა იქნება და არა ადგილობრივი არჩევნები!
ჩვენ შესაძლოა არ მოგვწონდა 19 აპრილის შეთახმება და ეს არც არასოდეს დაგვიმალავს. და რატომ არ მოგვწონდა?! რადგან არ გვჯეროდა. არ გვჯეროდა რომ რამე სერიოზულ რეფორმას განახორციელებს ოლიგარქი ივანიშვილი, არ მოგვწონდა ამნისტიის უსამართლო კანონი და ა.შ. ა.შ. !
 სამწუხაროდ ბევრ რამეში მართლები აღმოვჩნდით - იმის ჩათვლით, რომ ქართული ოცნება არ აპირებდა თავისი ხელმოწერის პატივისცემას და ეს მხოლოდ დაძაბულობის დროებითი ჩაცხრობა იყო და არა კრიზისიდან გამოსავალი!
მაგრამ ახლა ყველა დეტალი მნიშვნელობას კარგავს და ფერმკრთალდება მთავარ სათქმელთან შედარებით.
ბოლო დღეების მოვლენები, ევროკავშირის დახმარებაზე უარი - ყველაფერს თავის სახელს არქმევს თუ არ არქმევს?! - არქმევს! 
მე მინდა აგიხსნათ, რომ 300 მილიონ ლარზე მნიშვნელოვანი ( ანუ 75 მილ ევროზე მნიშვნელოვანი), ამის უკან ჩამალული პოლიტიკური განაცხადია. არაფერ შუაშია საგარეო ვალზე შეთხზული ტყუილები, საერთოდ არაფრის შუაშია რაც ღარიბაშვილმა და კობახიძემ თქვეს. 
აქ მთავარი - პოლიტიკური განაცხადია მეგობრებო და რა არის ქართული ოცნების ეს მთავარი პოლიტიკური განაცხადი?! - არაფრის ფასად აღარ გვინდა ევროპული რეფორმები, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნა უფრო წინაა - ვიდრე დასავლეთთან ურთიერთობაო! 
ესაა ღია განაცხადი საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებაზე, სწორედ ეს ბოლო განცხადებები, რომ დახმარებას არ იღებენ თურმე -  რაც ევროპული გზიდან გადახვევის საბოლოო და ყველასათვის ნათელი მტკიცებულებაა, გახდა ბიძგი, რამაც გადაგვაწყვეტინა გადავდგათ ნაბიჯი, რომელიც კიდევ უფრო დაგვაახლოვებს და შეგვკრავს ყველას, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ევროპული მომავალი. 
მიუხედავად 19 აპრილის დოკუმენტში ჩვენთვის მიუღებელი გარკვეული დებულებებისა, რის გამოც, აქამდე ჩვენ ხელი არ მოგვიწერია ამ შეთანხმებისთვის, არსებული უმძიმესი სახელმწიფოებრივი რისკების შეფასების შემდეგ, მივიჩნევთ, რომ შექმნილ მდგომარეობაში ვალდებული ვართ დავდგეთ საკუთარ მოსაზრებებზე და წინააღმდეგობებზე მაღლა და ხელი მოვაწეროთ 19 აპრილის შეთანხმებას.
ჩვენ, ნაციონალური მოძრაობა, ხელს ვაწერთ 19 აპრილის შეთანხმებას, რითიც ვაცხადებთ ჩვენს მზაობას და ხაზს ვუსვამთ ჩვენს რწმენას, რომ სხვა პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებთან ერთად გავიმარჯვოთ 2 ოქტომბრის რეფერენდუმში!
ჩვენ ნაციონალურ მოძრაობა ხელს ვაწერთ შეთანხმებას, რომ არ ახდეს ქართული ოცნების ოცნება და დასავლელი პარტნიორები ამ არასაიმედო  ხელისუფლების გამო არ დისტანცირდნენ ქართველი ხალხისგან , რაც საბოლოოდ მხოლოდ ქვეყანას დააზიანებს.
ასე უფრო გავიმარჯვებთ და  შევინარჩუნებთ ჩვენი ქვეყნის ცივილიზაციურ არჩევანს  იყოს დასავლური ოჯახის წევრი! გავიმარჯვებთ და ავაშენებთ განვითარებულ, მდიდარ, დემოკრატიულ საქართველოს! 
ისე კი სინამდვილეში ევროკაშირი, საქართველოს მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო -  აცხადებს უარს დახმარების გაცემაზე და არა პირიქით. ქვეყნის ცუდი ხელისუფლება სახადია, ხოლო სტრატეგიული არჩევანი მარადიული ღირებულებაა.
დღეს ამიტომაც ამ დოკუმენტზე ხელმოწერით, ჩვენ გვინდა ნათლად და ცალსახად განვაცხადოთ, რომ არ მივცემთ უფლებას ქართულ ოცნებას გაექცეს საკუთარ ხელმოწერილ ვალდებულებას 43 პროცენტიანი ბარიერის ვერგადალახვის შემდეგ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ! 
თანამემამულეებო, ქართველებო - სხვა არჩევანი არ არსებობს! მოდით 2 ოქტომბერს რეფერენდუმზე და გააკეთეთ არჩევანი დასავლეთის სასარგებლოდ! მოდით რეფერენდუმზე და უარი უთხარით რუსეთს! მოდით რეფერენდუმზე და დაიცავით თქვენი სამშობლო და მისი მომავალი! მოდით რეფერენდუმზე და შემოხაზეთ ნებისმიერი, 41-ის გარდა!
ხალხთან ერთად, ჩვენ საზოგადოებასთან ერთად, ევროპელ და ამერიკელ დიპლომატებთან  ერთად, სხვა პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, ჩვენ სხვა გამოსავალს არ დავუტოვებთ ივანიშვილს - გარდა რიგგარეშე არჩევნებისა!
დიახ, 2 ოქტომბერი რეფერენდუმი იქნება; დიახ, "ოცნება" მარცხდება ამ რეფერენდუმში; დიახ, მთელი პოლიტიკური სპექტრი ამ საკითხში ერთად ვართ; დიახ, დასავლეთი ჩვენ გვერდზე დგას;
და აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას ჩვენი ხელმოწერით დავადასტუროთ, რომ ერთი თვის თავზე ჩვენ რეფერენდუმზე გავდივართ და 43% ბარიერი იქნება ის განაჩენი, რომელსაც ქართველი ხალხი გამოუტანს ხელისუფლებას!
ეს მთავარი საკითხი წონის ახლა ყველაფერს - ერთ მხარეს ვართ ჩვენ ყველა, ოპოზიცია, საზოგადოება დასავლეთი - მეორე მხარეს ივანიშვილი  და რუსეთი - ეს ბრძოლაა! კითხვის ნიშნები აღარაა!
და ჩვენ ყველა, ხალხი აუცილებლად მოვიგებთ ბრძოლას 2 ოქტომბრის რეფერენდუმში ! თაობებმა რომლებიც დღეს სახეზე ვართ და ცოცხლები ვართ უნდა გვეამაყებოდეს რომ განგებამ მოგვცა შესაძლებლობა გავაკეთოთ დიდი საქმე სახელმწიფოსთვის და ეს შესაძლებლობა 2 ოქტომბერს გვეძლევა! - განაცხადა ნიკა მელიამ. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA